Sunday, May 31, 2015

აკაკი წერეთლის გარდაცვალებიდან 100 წლის აღსანიშნავად.

სასკოლო კონკურსზე გამარჯვებული თემა.

აკაკი წერეთელი და ნატალია ბაზილევსკაია
    აკაკი წერეთლის ,,ჩემი თავგადასავლის" სავანეთის, სხვიტორისა და გიმნაზიის ეპიზოდები რომ წავიკითხე, ძალიან დამაინტერესა და  ნაწარმოების მეორე ნაწილსაც გავეცანი. ჩემი ყურადღება მიიპყრო აკაკის დაოჯახების ისტორიამ.
    არისტოკრატმა აკაკი წერეთელმა მოსკოვში გაიცნო კნიაჟნა ენეკეევისა, რომელმაც იგი თავისთან მიიწვია. მასთან შეხვდა აკაკი თავის მომავალ მეუღლეს, ნატალია ბაზილევსკაიას, უმდიდრესი ბაზილევსკის გარდაცვლილი ძმის შვილს, რომელსაც ბიძის გულგრილობის გამო ყველაფერი ეკარგებოდა.

    წარმოვიდგინოთ: აკაკი წერეთელი, ქართველი თავადი, არისტოკრატული ბუნებით, რაინდული ხასიათით, პოეტური გულითა და ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა, ნატალია ბაზილევსკაიასგან ისმენს, რომ მისი ცხოვრება კოშმარად იქცევა, თუკი ის ცოლად გაჰყვება თავის ასაკოვან საქმროს. თითქოს ვხედავ, როგორ ეცვლება აკაკის სახე, როცა ატირებულ ქალს უსმენს და მისთვის ამ ქალის ხსნაზე მნიშვნელოვანი არაფერია. მან მისი ხელი ითხოვა, დედა და მამინაცვალი კი ურჩევენ, მათი მეორე ქალიშვილი შეირთოს, რადგან ნატალია დანიშნულია. ეს ფაქტი წარმოსადგენადაც ძალიან მძიმეა, არათუ-რეალურად. ამ ქორწინებით დაეწყო პოეტს დიდი პრობლემები. მეორე დღიდან აკაკი იგებს, რომ იძულებულია ცოლის მემკვიდრეობაზე იზრუნოს. ტექსტში ვკითხულობთ, როგორ დაიბნა იგი ჩახლართული ამბებით. ბაზილევსკის მილიონი გადაუხდია ადვოკატისთვის ქონების გადასაფორმებლად, აკაკის კი დასაბრუნებლად სხვა ადვოკატმა ორი მილიონი მოსთხოვა. პოეტი პრობლემებს  თავს ვეღარ ართმევს და სამშობლოში ბრუნდება. შემდეგ ნატალიას და დაქვრივდა და ხელმეორედ ქართველ თავადიშვილზე გათხოვდა. აკაკის ეგონა, თავის მსგავსად, მისი ქვისლიც თანაბრად გაყოფდა მემკვიდრეობას, მაგრამ მათ აკაკი და მისი ცოლი ყველაფრის გარეშე დატოვეს. ფაქტი ორმხრივად მძიმე იყო: ჯერ ერთი, ქართველმა ქვისლმა გაწირა აკაკი და უმემკვიდრეოდ დატოვა, მეორეც: თბილისის საზოგადოებამ პოეტს მფლანგველობა დააბრალა, თითქოს მან ყველაფერი გაანიავა…  
    სინამდვილეში აკაკის ცოლ-შვილი დიდ გასაჭირში იყო:    ნატალია და ალექსი საქართველოში არ დარჩნენ.
   ,,ჩემი თავგადასავლიდან" რამდენიმე დასკვნა გამოვიტანე, მათ შორის ერთ-ერთი: იმ პერიოდში პეტერბურგში სწავლა პრივილეგიად ითვლებოდა, მაგრამ იქ ქართველ ახალგაზრდებს ბევრი პრობლემა უჩნდებოდათ. აკაკის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მას დაოჯახება საერთოდ არ უნდოდა, ისიც უხოელზე, მაგრამ აღმოჩნდა, ბედს ყველაფრის შეცვლა შეძლებია. აკაკის წარუმატებელი ქორწინების შესახებ მიხეილ ქვლივიძე წერს:
                  ,,ასეთი ბედი ღმერთმა გაშოროს,
                   აბა, გაძელი, თუ ხარ ყოჩაღი,  
                   როცა ოჯახში არ გაქვს სამშობლო
                   და სამშობლოში არ გყავს ოჯახი!
   ცნობილია, აკაკი წერეთელი ცოლ-შვილის გარეშე აღესრულა საქართველოში, ხოლო ალექსი წერეთელი, პოეტის ერთადერთი მემკვიდრე, დედასთან ერთად ცხოვრობდა პარიზში.

ანა ლიპარტია
VIII კლასი

ქ. აბაშის N 1 საჯარო სკოლა

No comments:

Post a Comment